logo
ENG



"ქართველების პროტესტის შემდეგ, რუსულმა კრუიზმა ბათუმი დატოვა" - BBC

01 აგვ 202318:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/01/8ledwy4u3d9kj0z.jpg
UKRINFORM/NURPHOTO VIA GETTY IMAGES

"ქართველების პროტესტის შემდეგ, რუსულმა კრუიზმა ბათუმი დატოვა" - ამ სათაურით BBC გუშინ, 31 ივლისს ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლასა და მოქალაქეთა პროტესტს ეხმაურება.

გამოცემა წერს, რომ კრუიზის შესვლამ საქართველოში გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, რომელიც თავდაპირველად ბათუმში დაიწყო, შემდეგ კი დედაქალაქში, თბილისშიც გადაინაცვლა. BBC წერს, რომ რუსები, რომლებიც კრუიზზე იმყოფებოდნენ, იმეორებდნენ კრემლის პროპაგანდას საქართველოში 2008 წლის ომთან დაკავშირებით.

BBC წერს, რომ გემმა პორტი მას შემდეგ დატოვა, რაც ომის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებმა მას კვერცხები დაუშინეს და მგზავრების ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდეს. ამასთან, BBC ყურადღებას ამახვილებს ინფორმაციაზეც, რომ ეს კრუიზის ბოლო ვიზიტია ბათუმში, რადგან "როგორც ჩანს, შემდგომი მარშრუტებიდან ბათუმი ამოღებულია".

BBC საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შესახებაც წერს და აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" გამოიწვია ბევრი ქართველის გაბრაზება მოსკოვთან დაახლოების პოლიტიკითა და რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენით.

BBC საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ციტირებს. გამოცემა პრეზიდენტს პროევროპელს უწოდებს და აცხადებს, რომ 27 ივლისს, როდესაც საქართველოში სოჭიდან პირველი რუსული საკრუიზო გემი შემოვიდა, პრეზიდენტმა "შეაქო" ქართველი ხალხი.

გამოცემა ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაზეც წერს და აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძემ დაგმო რუსული კრუიზის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები, როგორც ძალადობრივი და გააკრიტიკა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო.

ბათუმში, რუსული საკრუიზო გემის შემოსვლამდე მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქცია გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ ბათუმის პორტთან და ნავსადგომთან მისასვლელი მონაკვეთები გადაკეტა. 

28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტები ბათუმში კიდევ ერთ საკრუიზო მოგზაურობას გეგმავენ, სახელწოდებით ვარსკვლავური კრუიზი - ლაინერი Astoria Grande აჭარას გვიან ღამით დატოვებს.

ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც იქნებიან. ბორტზე იქნებიან: მომღერლები დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი და ტესტოსტერონი, ასევე ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი.

ლაინერი 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება.

მანამდე ლაინერმა Astoria Grande-მ ერთი მოგზაურობა ბათუმში უკვე მოაწყო. 22 ივლისს ლაინერმა სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. გემი ბათუმის პორტში 27 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა

ბათუმის პორტში, სადაც საკრუიზო გემი იყო გაჩერებული მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. პარალელურად, აქცია გაიმართა თბილისშიც, პარლამენტის შენობასთან.მოსახლეობის პროტესტის ფონზე საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი დროზე ადრე დატოვა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.


close დახურვა